გია ვოლსკი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოზე - ჩიხურ მდგომარეობას ნამდვილად აქვს ადგილი

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო მხოლოდ იმ ფუნქციების შემსრულებელი არ არის, რაც ეროვნულ ბანკს ეხება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს მიერ პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში დასმული საკითხების კომენტირებისას განუცხადა. ვოლსკის თქმით, საკითხი სამართლებრივია და კომპეტენტურად უნდა იყოს განხილული.

"არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს რეალიზების საშუალება არ მისცა და შეაჩერა. კითხვები უნდა დაისვას როგორც ჩვენს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშეც. ჩიხურ მდგომარეობას ნამდვილად აქვს ადგილი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო მხოლოდ იმ ფუნქციის შემსრულებელი არ არის, რაც ეროვნული ბანკის თემებს ეხება. ის საერთოდ საფინანსო ბაზარზე ზედამხედველობისთვის შეიქმნა – უნდა შეიქმნას საპენსიო ფონდი, უნდა იყოს ბირჟა. ასე რომ, სამომავლო თემებისათვის ამ სტრუქტურის საქმიანობა აუცილებელია", - აცხადებს გია ვოლსკი.

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭომ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სპეციალური წერილით მიმართა, სადაც სააგენტო პარლამენტისგან მათთან დაკავშირებით მიღებული კანონის შესრულებაზე მონიტორინგს ითხოვს. წერილში ხაზგასმულია, რომ სააგენტოს არა აქვს სამუშაო პირობები და არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის ხარჯის გაწევა, რადგან სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი კონსტანტინე სულამანიძე და ირაკლი კოვზანაძე გუშინ პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს და მის პირველ მოადგილეს ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ.