საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მედიით გავრცელებული ინფორმაცია თურქეთის საგარეო უწყებაში უარყვეს.

"ეს ინფორმაცია გავრცელდა მედიის საშუალებით, თუმცა თურქეთში საქართველოს საელჩოს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურა", - განაცხადეს მიხეილ ჯანელიძის უწყებაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთმა შესაძლოა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღოს, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა. მათი ცნობით, 2016 წლის ივნისიდან თურქეთი ევროკავშირის მოთხოვნით სავიზო რეჟიმის დაწესებას აპირებს ასევე რუსეთთან, ირანთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთსა და თურქმენეთთან.