მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება. "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტს საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

"დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან სამი საკითხი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი არის "სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის" დამტკიცების შესახებ. ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას. ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.