CENN-ის ინფორმაციით, ზუგდიდში ხეებს ხშირად სოციალური ჭრის ტყეკაფის გარეთაც ჭრიან

ზუგდიდში ხეებს ხშირად სოციალური ჭრის ტყეკაფის გარეთაც ჭრიან, - ამის შესახებ CENN-ში აცხადებენ. ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორის, მაია კოდუას განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში აცხადებენ, რომ სოფლის მოსახლეობის მიერ არც თუ ისე იშვიათად ხდება შეშის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება, მოსახლეობა შეშას ხშირად სოციალური ჭრის ტყეკაფის გარეთ ჭრის ან კიდევ მიწის იმ ფართობებზე, რომელიც საკუთრებაში დარეგისტრირებული არა აქვთ. მისივე თქმით, სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობისთვის გამოყოფილ სოციალური ჭრის ტყეკაფამდე დაახლოებით 70 კმ-ია, ორი გზა კი- 140 კმ-მდეა.

"გრიგოლიშში მცხოვრები ოჯახებიც იგივე პრობლემაზე საუბრობენ. სოფლიდან ტყეკაფამდე სულ მცირე 40 კმ-ია. ამიტომაც შეშის მოპოვება და ტრანსპორტირება დიდ დროსთან და თანხებთან არის დაკავშირებული და სოციალური ჭრის ტყეკაფებით ვეღარ სარგებლობენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშას საკარმიდამო მიწის ფართობზე მოიპოვებს, უკიდურეს შემთხვევაში ხეხილსაც ჭრის საშეშედ, გარკვეული ნაწილი კი ენერგიის ალტერნატიულ წყაროს - თხილის ნაჭუჭს მოიხმარს, რომელიც შეშაზე უფრო ეფექტურია და იაფიც, მცირე ნაწილი კი ყიდულობს", - აცხადებს მაია კოდუა. მისივე თქმით, მოსახლეობას ენერგიის წყაროს საუკეთესო ალტერნატივად ბუნებრივი აირი მიაჩნია.

ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი, ავთანდილ მარღია აღნიშნავს, რომ თუ სოფლის გაზიფიცირება მოხდება, პრობლემები მოიხსნება. როგორც CENN-ში აღნიშნავენ, სოფლებში ოჯახების უმრავლესობას საკარმიდამო ფართობის მიმდებარედ აქვთ ე.წ. კერძო ტყეები. მიწის ეს ფართობები გარკვეული წლების უკან წინაპრების საკუთრებად ითვლებოდა, დღეს კი მხოლოდ ფორმალურ საკუთრებას წარმოადგენს. ისინი უვლიან და იცავენ ამ ტყეებს და ითხოვენ ტყეკაფის გამოყოფას 7 მ³ შეშის დასამზადებლად. სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის განმარტებით კი ტყეკაფის გამოყოფის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ითვლება მინიმუმ 50-60 მ³ მერქნული რესურსის არსებობა, ესეც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

"ერთ ცალკე აღებულ საკარმიდამო ფართობის მიმდებარედ არსებულ ტყეში კი მერქნული რესურსი გაცილებით მცირეა. ამ შემთვევაშიც სატყეო სამსახურმა იდეა შესთავაზა: რამდენიმე ოჯახის "კერძო ტყეების" გაერთიანება და იქ ტყეკაფის გამოყოფა. თუმცა ამ ოჯახებს შორის ურთიერთშეთანხმება ვერ ხერხდება, იქმნება კონფლიქტური სიტუაცია", -ნათქვამია ინფორმაციაში. გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი გოგიტა კანკია კი აღნიშნავს, რომ საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა ამ მიმართულებით, მათი დარწმუნება იმაში, რომ შესაძლებელია ტყეების დაცვაზე, მოვლა-აღდგენაზე ერთად, შეთანხმებულად იზრუნონ და შეშაც მოიპოვონ ამ ტყეებში.