ზვავსაშიშროების გამო გუდაურის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, გუდაურის მიმართულებით მგზავრობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"წინასწარი ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოსული. სრული ინფორმაცია ჩამოსული ზვავების შესახებ მხოლოდ ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადგინდება. ზვავების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული შესასრულებელი გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბები და გზის გახსნის თარიღი", - განმარტავენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს.