ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი დაიკეტა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ტრანსკავკასიური მაგისტრალი სპეციალურ განკარგულებამდე დაიკეტა. როგორც რუსული მედია იტყობინება, გადაადგილება მაგისტრალზე დღეიდან აიკრძალა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებულ პუნქტ ბურონსა და როკის გვირაბის ჩრდილო პორტალს შორის მაგისტრალზე, ორივე მიმართულებით.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ღამის განმავლობაში რამდენიმე ზვავი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზეც ჩამოწვა. ძლიერი თოვა კვლავ გრძელდება. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აკავშირებს. მაგისტრალის სიგრძე 164 კილომეტრს აღწევს.