საქართველოს საგარეო უწყება ნორვეგიაში საელჩოს მიერ დავალიანების დაგროვების გარემოებებს შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს მიერ დავალიანების დაგროვების გარემოებებს შეისწავლის და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნორვეგიული მედიის მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადეს, რომლის თანახმადაც ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და საელჩოს მიერ დავალიანების დაგროვების გარემოებებს, რის შემდეგაც შესაბამისი რეაგირება მოხდება. უწყება, ასევე შეისწავლის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები სხვა მისიებში თავიდან იქნას აცილებული", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ნორვეგიული მედიაპორტალ Osloby-ს ინფორმაციით, საქართველოს საელჩოს ნორვეგიაში პარკინგის ჯარიმის გადაუხდელობის გამო 101 850 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, რაც დაახლოებით 27 500 ლარს შეადგენს. ოსლოს ადგილობრივი ხელისუფლება პარკირების მოსაწესრიგებლად იბრძვის, თუმცა რადგან უცხოურ საელჩოებს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს, ადგილობრივი მთავრობა პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს. გამოცემის ცნობით, ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ.