შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაიწყო. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას გეგმავს. კერძოდ, საცალო მომსახურების სეგმენტის, რომელიც მოიცავს მაუწყებლობის ტრანზიტს (IPTV), ციფრულ სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურებას - შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ოპერირების გაგრძელებას. საბითუმო ბაზარი გულისხმობს ქსელურ ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს.

საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 9 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს. სხდომა საჯაროა.