თბილისში 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო Park Inn by Radisson აშენდება

თბილისში სამვარსკვლავიანი სასტუმრო Park Inn by Radisson აშენდება, რომელიც ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "თორის" ადგილზე განთავსდება.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, საპარტნიორო ფონდი სასტუმროს პროექტზე ადგილობრივ კომპანია "ბლოკ ინვესტთან" ერთად მუშაობს. პროექტის თანახმად, სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება და კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზსა და შეხვედრების ოთახებს მოიცავს.

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, თბილისში სამვარსკვლავიან ბრენდირებულ სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და ფონდი ამ დეფიციტის შევსებას გეგმავს.

მშენებლობის დაწყება 2016 წლის ზაფხულში იგეგმება და 2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

"ბლოკ ინვესტი" საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს.