სტიქიის შედეგად წალენჯიხას 450 ათასი ლარის, ჩხოროწყუს კი - 75 ათასი ლარის ზარალი მიადგა

დიდთოვლობის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 450 ათასი ლარის ზარალი მიადგა. რაიონის გამგებლის, გოგა გულორდავას ინფორმაციით, მონაცემები შემდგომი კომპენსირებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიგზავნება. გამგებლის ინფორმაციით, რაიონში კერძო სახლების გარდა, ადმინისტრაციული შენობები, საბავშვო ბაღები, სამი საჯარო სკოლა და სოფელ საჩინოში მოქმედი ჩაის ფაბრიკა დაზიანდა.

ზარალი დათვლილია ჩხოროწყუშიც. მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით გოგუას განმარტებით, დიდთოვლობით მიყენებული ზარალის ოდენობა 75 ათას ლარს შეადგენს. ორივე მუნიციპალიტეტის გამგებლებმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ყველა დაზარალებულ ოჯახს ზარალი აუნაზღაურდება.