ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სამინისტრომ 2016 წლის ბიუჯეტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 18 მლნ უკვე დახარჯა

ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის განსაზღვრული 570 მლნ ლარიდან 18 მლნ უკვე დახარჯული აქვს , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ხარჯვის ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, 570 მლნ აგვისტოს ბოლოს უკვე ამოწურული იქნება.

"ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ წარმოქმნილი დიდი დავალიანებების შესახებ არაერთხელ დავწერე და ვივარაუდე, რომ სამინისტრო ამ დავალიანებების გასტუმრებას იანვრიდან უკვე ახალი 2016 წლის ბიუჯეტიდან დაიწყებდა; ასეც მოხდა. 8 იანვარს სამინისტროს უკვე 18 მლნ აქვს დახარჯული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის განსაზღვრული 570 მლნ ლარიდან. ხარჯვა რომ ამ ტემპით გაგრძელდეს, 570 მლნ აგვისტოს ბოლოს უკვე ამოწურული იქნება. შეგახსენებთ, 2015 წელს განსაზღვრული 470 მლნ ლარი უკვე ოქტომბერში ამოიწურა და საბოლოოდ, პროგრამას 101 მლნ დაემატა. დამატების იმედად დავით სერგეენკო წელს ვერ იქნება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება და სამწუხაროდ, წელს დასამატებელი რესურსი, საეჭვოა, იყოს", - აცხადებს ჭიაბერაშვილი. მისივე ინფორმაციით, სამინისტროში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საყოველთაობა მიზნობრიობით უნდა შეიცვალოს, ანუ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა ყველას.

"საყოველთაობაზე უარის თქმა პრობლემის გადაჭრის ერთი ნაწილია მხოლოდ. უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემოღება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2016 წელს უფრო დიდი უძირო ქვევრი არ აღმოჩნდეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დავალიანებების ერთბაშად გასტუმრებას სხვა ეფექტიც აქვს. ამ ეფექტს სავალუტო ჯიხურების აბრებზე უნდა დავაკვირდეთ, ან საკუთარ ჯიბეზე", - აცხადებს ჭიაბერაშვილი. ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.