"იმედი" - აბაშიძეების ოჯახის მტკიცებით, სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრება იყო

აბაშიძეების ოჯახის მტკიცებით, სტამბოლში ნაპოვნი ჰოლანდიელი მხატვრის ვან დეიკის ნამუშევარი მათი საკუთრება იყო. როგორც ტელეკომპანია "იმედს" ეკა აბაშიძემ განუცხადა, აღნიშნული ტილო მის ოჯახში წლების განმავლობაში ინახებოდა. "მას ჰქონდა უზარმაზარი ოქროსფერი ჩარჩო. ყველამ იცის, რომ ეს ნახატი იყო ჩვენს ოჯახში და ჩვენი იყო. მე ვიცი ინიციალები, რითაც შეიძლება ამ ნახატის ამოცნობა", - აცხადებს აბაშიძე. მისივე თქმით, ყველამ იცოდა, რომ აბაშიძეები ამ ნახატს ყიდდნენ.

"ყველა გადამყიდველმა და ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ამ ნახატს ვყიდდით. ბოლოს მოვიდა ორი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ ამ ნახატს თურქეთში გავყიდითო. თანხა იმ პერიოდში სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა და ამიტომ მივეცით ამ ხალხს ეს გასაყიდად", - განაცხადა ეკა აბაშიძემ. როგორც ეკა აბაშიძე აცხადებს, როდესაც მიიღო ტილოს გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება, შეაფასებინეს ნახატი და სავარაუდო ღირებულება დადგინდა 80 ათასიდან 100 ათას დოლარამდე. აბაშიძის თქმით, როცა მის ოჯახში ნახატის ყიდვის მსურველები მივიდნენ, მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. "ჩვენ შევთანხმდით რაღაც თანხაზე იმიტომ, რომ სასწრაფოდ იყო ფული გადასახდელი, ანუ ეს იყო 37 ათასი დოლარი. რეალურად გადაგვიხადეს 7 ათასი ლარი თუ დოლარი არ მახსოვს. წავიდა ეს ხალხი, გაიტაცეს ეს სურათი. ეს ადამიანი სულ გვეკონტაქტებოდა ტელეფონით, მაგრამ გვატყუებდა, აი, თურქეთშიაო ამბობდა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მოგეხმარებით, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ნახატი. არაფერი არ გვინდა, გვინდა ჩვენი ნახატი", - განაცხადა აბაშიძემ. როგორც ეკა აბაშიძე აცხადებს, ოჯახმა სასამართლოს მიმართა და მოიგო კიდეც. მისივე თქმით, ხელშეკრულების ხელმომწერ პირს დააკისრეს თანხის გადახდა, თუმცა რადგან მის სახელზე არ იყო არაფერი გაფორმებული, მას მხოლოდ მანქანა დაუყადაღეს.

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან.