ეკა აბაშიძე - ვან დეიკის ნახატი თურქეთში საქართველოს მოქალაქეებმა გაიტანეს

პირები, რომლებმაც ვან დეიკის ნახატი იყიდეს და თურქეთში გაიტანეს, საქართველოს მოქალაქეები არიან. 

ეკა აბაშიძის განცხადებით, დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც ძმისთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად თანხა სჭირდებოდათ, ნახატის გაყიდვა გადაწყვიტეს და ის ხელშეკრულებით, მალხაზ მახარაძესა დაც ზაჰირ გუსეინოვს მიჰყიდეს.

"ნახატის ყიდვიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა გვესაჭიროებოდა და გადავწყვიტეთ აღნიშნული ნახატი გაგვეყიდა. იგი შეგვიფასეს 80 000-დან 100 000 დოლარამდე. ნახატის სანახავად მოდიოდა უამრავი ადამიანი, ვინც ჩართულია ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და ისინი გვთავაზობდნენ კაპიკებს, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გავყიდეთ. შემდეგ კი მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც შემოგვთავაზეს 37 000 დოლარი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ დაგვიტოვეს 7 000 დოლარი. დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდა, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა აღნიშნული თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, დავა მოვიგეთ და ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, დაეკისრა 30 000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე არაფერი ქონება არ იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებიათ", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან.