"დიპლომატთა კლუბს" დაუშვებლად მიაჩნია, კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდეს

"დიპლომატთა კლუბი" საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს განცხადებით ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "დიპლომატთა კლუბს" დაუშვებლად მიაჩნია, კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდეს.

"სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის "გაზპრომის" წარმომადგენელ ელენა ბურმისტროვასთან ციურიხში, 27 დეკემბერს გამართული შეხვედრის შესახებ. საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ ქვეყნის გაზმომარაგების თემა არ წარმოადგენს რიგით ეკონომიკურ ან კომერციულ საკითხს, არამედ უშუალოდ ეხება საქართველოს პოლიტიკურ სუვერენიტეტს, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ პროცესში "გაზპრომის" ჩართულობა იკვეთება. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ციურიხში გამართული შეხვედრის ფაქტი საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან საქმე გვაქვს ამ ბოლო დროს საკმაოდ მოკლე პერიოდში ამ ტიპის უკვე მეოთხე შეხვედრასთან (მანამდე გამართული შეხვედრები: სექტემბერი - ბრიუსელი, ოქტომბერი - მილანი, დეკემბრის დასაწყისი - ლუქსემბურგი). განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს ბოლო შეხვედრა გასაიდუმლოებული გახლდათ და რომ არა ინფორმაციის გამოჟონვა, მთავრობა არც აპირებდა მის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ენერგეტიკის სამინისტროს "არგუმენტები" საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ქვეყნის ბუნებრივი აირის ბაზარზე სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ოკუპანტი ქვეყნით ჩანაცვლება კი არ განამტკიცებს, არამედ სერიოზულ დარტყმას აყენებს მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. კარგად არის ცნობილი საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მაგალითებზე, თუ როგორ იყენებს რუსეთის ფედერაცია აირის მიწოდების ფაქტორს მიმღებ ქვეყანაზე პოლიტიკური ზეწოლის კუთხით. ცხადია, რომ "გაზპრომი" ცდილობს, ირანის ბუნებრივი ინტერესი - გაყიდოს თავისი გაზი - ჩასვას რუსეთის კავკასიის რეგიონზე გავლენის სისტემის გაღრმავების პროცესში. ეს ჩვენთვის უკიდურესად სახიფათო პოზიციაა. ხომ ცხადია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დიდი თანხვედრა და გადაჯაჭვულობა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მაღალ ხარისხს ერთი მომწოდებლის პირობებშიც კი. ამავე მიზეზებით, საქართველო იღებს აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს საკმაოდ ხელსაყრელ ფასებში, რომლებიც საგრძნობლად განსხვავდება "გაზპრომის" ტრადიციული ფასებისაგან. მით უმეტეს, რომ ასევე გაუგებარია მინისტრ კალაძის განცხადებები აზერბაიჯანში საქართველოსათვის ბუნებრივი აირის არასაკმარისი რაოდენობების შესახებ, რადგან კონკრეტული ფაქტები და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ცალსახა განცხადებები საპირისპიროზე მეტყველებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"დიპლომატთა კლუბი" მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და ზოგადად, მთავრობა, ვალდებულია გასცეს ქვეყნის საზოგადოებას კონკრეტული და ამომწურავი პასუხები შემდეგ კითხვებზე: რატომ იქნა დამალული ციურიხში გამართული შეხვედრის ფაქტი საქართველოს მოსახლეობისაგან; რამხელაა პროცენტული წილის ის უსაფრთხო მაქსიმუმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიიჩნევს დასაშვებად რუსული აირისთვის საქართველოს მთლიანი აირმომარაგების მოცულობაში; როგორია ის ფასი, რომლითაც ქართული მხარე აპირებს რუსული აირის შესყიდვას და აღემატება თუ არა ის აზერბაიჯანული აირის ფასს; მიმდინარეობს თუ არა საუბარი "გაზპრომთან" რუსული აირის საქართველოზე მიმდინარე ტრანზიტის პირობების გადასინჯვაზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით საკმაოდ ხელსაყრელია საქართველოსთვის; განიხილავს თუ არა ქართული მხარე რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის რუსეთზე გასხვისების ან ამ სადენის რუსეთიდან აირის შესყიდვის კომერციული სქემების საგარანტიო ქონების სახით ჩადებას.

"განსაკუთრებით დაუშვებლად მიგვაჩნია, ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ ის პირები, რომელთა პირადი ინტერესები ცალსახად იკვეთება ენერგეტიკის ბიზნესში. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდეს პირი სწორედ ასეთი მახასიათებლით", - ნათქვამია "დიპლომატთა კლუბის" განცხადებაში.