უკრაინაში რუსული პროდუქციის შეტანა აიკრძალა

10 იანვრიდან ძალაში შევიდა აკრძალვა რუსეთიდან მთელი რიგი საქონლის უკრაინაში შეტანის შესახებ. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილება უკრაინის მთავრობამ გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო. კიევმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის საპასუხოდ მიიღო, რომელმაც მანამდე უკრაინას სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ნედლეულზე ემბარგო დაუწესა. რუსეთიდან უკრაინაში ვეღარ შევა ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ყავა, ჩაი, ხორბალი, საკონდიტრო ნაწარმი, ბავშვთა კვება, ცხოველების საკვები, სიგარეტი, ლუდი, სპირტი, არაყი და სხვა.

აკრძალვა იმოქმედებს 2016 წლის აგვისტომდე ან რუსეთის მიერ უკრაინისთვის სანქციების გაუქმებამდე.