გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაწყებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.

"აღნიშნულ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვნი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.