რომან გოცირიძე – "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში კახა კალაძე საეჭვოდ აქტიურობს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მარიონეტად არის გამოყენებული

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, "გაზპრომის" საქართველოში შემოყვანა "ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ არის გამიზნული".

როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, "გაზპრომის" საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმდინარე ფარული მოლაპარაკებები საშიშ სახეს ღებულობს და იგი საქართველოსათვის რუსეთიდან მცირეოდენი რაოდენობის გაზის მიწოდების საკითხს ცდება.

"ეს პროცესი ხასიათდება მთელი რიგი საეჭვო ქცევებით, კერძოდ,

1. სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მოლაპარაკებებს ასაიდუმლოებს საქართველოს მთავრობა, მაშინ როცა მას პირველად ყოველთვის ამჟღავნებს რუსული მხარე. ისე ჩანს, თითქოს ამით რუსეთი ცდილობს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და აიძულებს ქართულ მხარეს უფრო აქტიურად იმოქმედოს და ღიად დაიცვას მის მიერ აღებული კურსი, ამტკიცოს მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობა.

2. ხდება მოვლენების დაჩქარება, მაშინ, როცა არ არსებობს ამისი არანაირი აუცილებლობა. საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის არსებობს აზერბაიჯანიდან დამატებითი რაოდენობის გაზის მიღების შესაძლებლობა. ასეთი სიჩქარე შეიძლება აიხსნას რუსეთის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება დღევანდელ მთავრობასთან საპარლამენტო არჩევნებამდე. ნათელია, რომ ეს უკანასკნელი ვერ ღებულობს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და რუსეთისთვის უფრო ადვილია ურთიერთობა იქონიოს ქვეყნის ერთადერთ არაფორმალურ მმართველთან, ვიდრე იმ ჭრელ პოლიტიკურ სპექტრთან, რომლის ფორმირება დიდი ალბათობით არის მოსალოდნელი მომავალ არჩევნებში. რუსეთის სიჩქარე განპირობებულია იმითაც, რომ 2018 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის აზერბაიჯანული "შაჰდენიზ 2"-ის პროექტის ფარგლებში მოპოვებული გაზის ახალი ნაკადები, რითაც შეწყდება ყოველგვარი სპეკულაციები გაზის მიწოდების ახალი წყაროების საჭიროების შესახებ.

გარდა ამისა, მომავალ წელს საქართველოში იწყება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, რითაც საბოლოოდ დაზღვეული იქნება ქვეყანა ყველა სახის, მათ შორის ტექნიკური ხასიათის რისკებისაგან. ასეთ ვითარებაში არ რჩება რაიმე სახის არგუმენტი რუსულ გაზზე საქართველოს მიბმის დასასაბუთებლად.

3. რუსეთისთვის "გაზპრომის" შემოყვანას უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს შეიძლება გაზის რეალიზებით მიღებული მცირეოდენი ფინანსური სარგებელი იყოს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა იყოს. ამით საბოლოოდ მოხდება სომხეთის მსგავსად, საქართველოს მოქცევა რუსეთის ეკონომიკურ არტახებში. ამ მიზნისაკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება განვიხილოთ "როსნეფტის" მიერ საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად ფოთის ნავთობტერმინალის მოულოდნელი შეძენა, ისევე როგორც რუსული სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების აქტიურობა საქართველოს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი სახის ობიექტების შეძენის მიმართულებით.

4. რუსეთისათვის საქართველოს რკინიგზის ამა თუ იმ ფორმით კონტროლს სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია რეგიონში მისი სამხედრო ყოფნის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის საკითხი შესაძლოა, სულ მალე დადგეს დღის წესრიგში, რათა ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნას ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებამდე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი და რომლითაც მოხდება აზიის დაკავშირება ევროპასთან უნიკალური ახალი აბრეშუმის გზის მეშვეობით.

5. რუსეთი მიერ საქართველოს ჩათრევა ახალ ენერგეტიკულ სქემებში და "მოსკოვი-თბილისი-ერევანი-თეირანის" ენერგოღერძის შექმნის შესახებ ახლახან გაკეთებული განცხადებები აშკარად მიმართულია თურქეთისა და აზერბაიჯანის, როგორც ენერგეტიკის სფეროში ჩვენი მთავარი გეოსტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოს მთავრობის დაინტერესება "გაზპრომთან" კოოპირებით ირანიდან სომხეთის გავლით გაზის შემოტანის თაობაზე. დღეისათვის ამ იდეის ხორცშესხმის არავითარი ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს და ამ თემის წამოწევა და მასში საქართველოს ჩათრევა კიდევ ერთი ხრიკია რუსეთის მიერ აზერბაიჯანის გასაღიზიანებლად და მასზე პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად, თუმცა აზერბაიჯანზე ზემოქმედების მთავარ იარაღად რუსეთი მაინც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებთან პირდაპირი სახმელეთო კავშირების აღდგენას განიხილავს.

6. ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა შეუძლებელია რომ არ იწვევდეს საქართველოს მეგობარი ქვეყნების შეშფოთებას", - აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა უარყოფითადაა აღქმული მთელი პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის მიერ, მკვეთრად უარყოფითია ასევე საზოგადოებრივი აზრი.

"საბოლოო ჯამში, ეს წამგებიანი გამოდის მმართველი პოლიტიკური ძალისათვის საარჩევნო მიზნების თვალსაზრისით. მიუხედავად საკითხის არაპოპულარობისა, ხელისუფლება ჯიუტად და საეჭვოდ აგრძელებს აღებულ კურსს. ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროცესებში არის ან კერძო პირების კორუფციული ინტერესები, ან რუსული ფაქტორის გამოყენების მცდელობა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების ტოლფასია. არ არის გამორიცხული არსებობდეს აგრეთვე ქვეყნის არაფორმარულ მმართველზე ჩვენთვის უცნობი ეკონომიკური თუ სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტები", - აცხადებს გოცირიძე.

"ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის შეფასებით, პრობლემის დრამატულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ არც მთავრობა და არც პარლამენტი რეალურად არ არის მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში, გარიყული არიან პროცესებისაგან, არა აქვთ წარმოდგენა ნამდვილ მოტივებსა და მიზნებზე.

"მოლაპარაკებებში საეჭვოდ აქტიურობს მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისიც მარიონეტად, განტევების ვაცად არის გამოყენებული", - აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის ერთადერთ ქმედით გზად რჩება საზოგადოების მხრიდან მტკიცე პროტესტის გამოხატვა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დროული ჩართვა მოვლენების არასასურველი სცენარით წარმართვის თავიდან ასაცილებლად.

"საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე და მთავრობისადმი ნდობის უკიდურესად დაბალი ხარისხის პირობებში, არ არის გამორიცხული, ეს საკითხი პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზეზიც გახდეს", - აცხადებს გოცირიძე.