"ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობისგან "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას მოითხოვს , წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პარტია მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით აქტიური კამპანიის დაწყებას აპირებს.

"საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხისგან დაფარულად აწარმოებს ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს, რაც რუსული "გაზპრომის" საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლას ითვალისწინებს. მთავრობის განცხადებები, თითქოსდა აღნიშნული ქმედება ხორციელდება პრაგმატული დივერსიფიკაციის მიზნით, არის სიცრუე - გაზის მოწოდება განხორციელდება "გაზპრომის" მილსადენით, "გაზპრომის" სრული კონტროლით და შესაბამისად, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს ლახავს.

"მთავრობის გადაწყვეტილება ასევე მიმართულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად და შეუფერხებლად აწვდიდა ენერგომატარებლებს საქართველოს და არაერთგზის განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი რაოდენობის გაზი ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს ჩვენს ქვეყანას. "გაზპრომზე" დამოკიდებულება ნიშნავს სიცივეს, გაყინულ საქართველოს, არაპროგნოზირებად და წამგებიან ეკონომიკურ გარემოს, ენერგეტიკული ბერკეტით ქვეყნის შანტაჟს და პოლიტიკურ ზეწოლას, რაც 2006 წელს ერთხელ უკვე განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა წიკლაურმა.

პარტიის აზრით, რუსულ "გაზპრომთან" ქართველი ხალხის ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკებები მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რის კონტექსტშიც "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას.

"მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაიწყებს აქტიურ კამპანიას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით", - განმარტა წიკლაურმა.