2015 წლის დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 9.2%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 9.2%-ით გაიზარდა. როგორც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 55 418 ერთეული შეადგინა.

"ამა წლის დეკემბერი 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის დეკემბერთან (43 325 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 27.9%-ით, 2012 წლის დეკემბერთან (37 984 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 45.9%-ით, 2013 წლის დეკემბერთან (45 139 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 22.8%-ით, 2014 წლის დეკემბერთან (50 771 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 9.2%-ით", - ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 25.6%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (28.4%-ით), ისე მეორადი (24.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

"2015 წლის დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.317 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.207). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (31.6%-ით), ისე მეორადი (4.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 10 644, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 44 774 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 0.962 და 1.444 დონეებზე დაფიქსირდა", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, საჯარო რეესტრის ცნობით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი გაიზარდა: ამა წლის დეკემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.8%-ს მეორადი, ხოლო 19.2%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის დეკემბერში კი, შესაბამისად, 84.1% და 15.9%).