გიორგი კვირიკაშვილი - თბილისში პროექტების მიმდინარეობის ტემპები უნდა დაჩქარდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერს, დავით ნარმანიას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე დავით ნარმანიას სთხოვა, გამკაცრდეს ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობის ტემპებისა და ეფექტურობის კონტროლი, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერმა და მერმა თბილისში მიმდინარე პროექტების დაჩქარებისა და მათი ეფექტურად განხორციელების გზებზეც ისაუბრეს.

პრემიერმა თბილისის მერის სამომავლო გეგმები მოისმინა და პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მათი ეფექტურობის გაზრდაში დედაქალაქის მთავრობის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოიკვეთა, მათ შორის, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება, მრავალდონიანი პარკინგების მშენებლობა, ახალი საბავშვო ბაღების აშენება და ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების მოკლე ვადებში განხორციელება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერია აქტიურად იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე, ხოლო არსებული პარკი, საწყის ეტაპზე, იმ რაიონებს მოხმარდება, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობაა. უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს ახალი ავტობაზის აშენების პროექტის განხორციელებაც.

ასევე, დაიწყება თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა.

პრემიერმა და თბილისის მერმა ასევე ისაუბრეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა შორისაა აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადისა და კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობა, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და სხვა პროექტები.