ვან დეიკის ნამუშევრის საქართველოდან გატანაზე ნებართვის მისაღებად კულტურის სამინისტრომ 2010 წელს დოკუმენტი გასცა

კულტურის სამინისტროში ის დოკუმენტი წარმოადგინეს, რომლის საფუძველზეც, ვან დეიკის ნამუშევრის საქართველოდან გატანის შესახებ ნებართვა გაიცა.

როგორც კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ მაცაბერიძემ განაცხადა, დოკუმენტში ნახატის შექმნის ადგილად დასახელებულია ევროპა, ხოლო მხატვარი არის უცნობი.

"საკითხი განხილული იყო მაშინ მოქმედ კომისიის სხდომაზე და ახლავს დასკვნა, სადაც შექმნის ადგილად დასახელებულია ევროპა. მხატვარი არის უცნობი. შექმნის თარიღია მე-19 საუკუნის ბოლო მე-20 საუკუნის დასაწყისი და საზღვარგარეთ გატანა არის დასაშვები. ამის საფუძველზე მომზადდა შესაბამისი ნებართვა ნამუშევრის გატანაზე, რომელიც 2010 წლის 8 დეკემბერს გაიცა", - აცხადებს მაცაბერიძე.

თავის მხრივ, კომისიის მაშინდელი წევრი დალი ლებანიძე დარწმუნებულია, რომ 2010 წელს განხილული ნახატი ვან დეიკის ნამუშავერი არ იყო.

"ამ წუთას კიდევ ერთხელ ვნახეთ კულტურის სამინისტროში, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ამ ნამუშევრის ფოტოებს, დოკუმენტაციას და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უგემოვნო, დაუსრულებელი დეტალი, რომელიც არაფრით არ ჰგავს ვან დეიკის არც სტილს, არც ხელწერას. ვან დეიკი რომ ყოფილიყო, მეტ ყურადღებას დაიმსახურებდა ნამდვილად", - აცხადებს ლებანიძე.

კულტურის სამინისტროში ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონ ვან დეიკის, ტილოსთან დაკავშირებით იმყოფება ზაჰირ ჰუსეინოვი, რომელიც აცხადებს, რომ ნახატი აბაშიძეების ოჯახისგან კანონიერი გზით შეიძინა და ასევე მალხაზ მახარაძე, რომელიც მათ შორის შუამავალი იყო.

"2010 წელს გაყიდული სურათის ნებართვის შესახებ დოკუმენტაციის გამოთხოვა მსურს. ეს სურათი არც მოპარულია და არც უკანონო გზებითაა შეძენილი", - განაცხადა ზაჰირ ჰუსეინოვმა.

აღნიშნულ კომენტარებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში რუსეთიდან შემოიტანეს, რუსეთში კი - ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც დაკავებულები არიან.

ტილოზე პრეტენზიას აცხადებს თბილისში მცხოვრები ეკა აბაშიძე. მისი თქმით, ნახატი მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ის მალხაზ მახარაძესა და ზაჰირ ჰუსეინოვს ხელშეკრულების საფუძველზე მიყიდეს. აბაშიძეების მტკიცებით, მახარაძემ და ჰუსეინოვმა შეთანხმებული 37 000 დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 7 000 დოლარი გადაუხადეს.