ქართული ლიმონათი „ხილიანი“ ევროპულ ბაზარზე გამოჩნდება

ქართული წარმოების ლიმონათი ,,ხილიანი” ევროპის საექსპორტო ბაზარზე გასასვლელად ემზადება.

როგორც საწარმოს დამფუძნებელმა და დირექტორმა ვარაზ ასპანიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია და სავარაუდოდ, მარტიდან ქართული ლიმონათი გერმანიასა და უკრაინაშიც გაიყიდება. მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სომხეთისა და ყაზახეთის საექსპორტო ბაზარზე გასასვლელადაც.

ამ ეტაპზე ლიმონათი ,,ხილიანი” საქართველოს გარდა, რუსეთსა და აზერბაიჯანში იყიდება. ვარაზ ასპანიძის თქმით, კომპანია ახალ არომატებზეც იწყებს ინტენსიურ მუშაობას.

,,ჯერჯერობით გვაქვს ტრადიციული მეთოდით დამზადებული ლიმონათის შვიდი სახეობა. თუმცა ინტენსიურად ვმუშაობთ სიახლეების კუთხით და გაზაფხულიდან მომხმარებელს სხვა ახალ გემოებსაც შევთავაზებთ. ციტრუსი აჭარიდან და სამეგრელოდან, ტარხუნა თეთრიწყაროს რაიონიდან, ხოლო პიტნა გარდაბნიდან შემოგვაქვს”, - აღნიშნა ვარაზ ასპანიძემ.

ლიმონათის საწარმო ,,ხილიანი” 2015 წლის ივლისში გაიხსნა. „ხილიანის“ პროდუქცია ქართულ ბაზარზე აგვისტოს დასაწყისიდან გამოჩნდა. საერთო ჯამში საწარმოში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ქრისტინე გამთენაძე