დავით ნარმანია კოტე აფხაზის ქუჩაზე ქვაფენილის დაგების სამუშაოებით უკმაყოფილოა

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) ქვაფენილის დაგების სამუშაოებით უკმაყოფილოა. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავადაც ჰქონდა პრეტენზია, რომ სამუშაოები დროში გაიწელა. თუმცა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სამუშაოების დროში გაწელა ობიექტურ გარემოებებთან იყო დაკავშირებული.

"ნებისმიერ მშენებლობას ყავს თავისი ტექნიკური ზედამხედველი, მათ შორის ქვაფენილებსა და საგზაო სამუშაოებს. მათი ვალდებულებაა, რომ ხარისხზე მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ, ხოლო მათ საქმიანობაზე ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობას. ყველა საკითხი გადის შემოწმებას და ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე იცემა თანხა სამუშაოს შემსრულებელ კომპანიაზე. ამ მონაკვეთთან დაკავშირებით მეც მქონდა პრეტენზია, რომ სამუშაოები დროში გაიწელა, თუმცა ეს გარკვეული თვალსაზრისით ობიექტურ გარემოებებთანაც იყო დაკავშირებული", - განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, საკითხი იქნება შესწავლილი.