ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, 2015 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა გაიზარდა.

„სოკარის“ ცნობით, 2015 წელს 28,84 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, 2014-ში კი, ამ მაჩვენებელმა 28,51 მილიონი ტონა შეადგინა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტს აზერბაიჯანული კომპანია „აზერ ლაით ოილი“ ახორციელებს, რომელიც ნავთობს „აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის“ საბადოზე მოიპოვებს.

აზერბაიჯანულის გარდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით ხორციელდება ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება, რომელიც ბაქოში ტანკერებით ჩააქვთ.

2015 წელს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით  5,55 მილიონ ტონაზე მეტი ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.

მილსადენის ექსპლუატაციაში შეყვანიდან კი ჯამში,  292.68 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.