სტივენ ბლანკი - რუსეთიდან გაზის იმპორტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება

რუსეთიდან გაზის იმპორტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, - ამის შესახებ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი სტივენ ბლანკი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

სტივენ ბლანკი ირანიდან ან რუსეთიდან გაზის იმპორტის მიზეზს ვერ ხედავს, როცა აზერბაიჯანი საქართველოს გაზს საჭირო რაოდენობით აწვდის.

როგორც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ექსპერტი განმარტავს, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პირადი და არა საზოგადოებრივი სარგებელი აქვს.

"ირანიდან ან რუსეთიდან გაზის იმპორტის მიზეზს ვერ ვხედავ, როცა აზერბაიჯანი გაზს საჭირო რაოდენობით გაწვდით. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პირადი და არა საზოგადოებრივი სარგებელი აქვს. ეს ძირს უთხრის საქართველოს შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ეს უარყოფითად აისახება აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე", - აცხადებს ბლანკი.

ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა. აღნიშნულს ენერეგტიკის სამინისტროში გამოეხმაურნენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე ირანთან კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ირანული გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები "გაზპრომთან" ექნება, რადგან გაზსადენი, რომლითაც ირანიდან საქართველოს სომხეთის გავლით, გაზი უნდა მოეწოდოს, რუსულ კომპანიას ეკუთვნის.

გარდა ამისა, ასევე მედიით გავრცელდა ინფორმაცია 27 დეკემბერს ციურიხში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და "გაზპრომის" წარმომადგენელ ელენა ბურმისტროვას შორის გამართული შეხვედრის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.