„თუ შედარებით იაფ რუსულ-ირანულ კომერციულ გაზს შემოვიტანთ, აზერბაიჯანმა შესაძლოა სოციალური გაზის ფასი გაზარდოს“

კომერციულ გაზს აზერბაიჯანი საქართველოს 280 დოლარად აწვდის. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანიდან მიღებული სოციალური და კომერციული გაზის გასაშუალოებული ღირებულებაც ნაკლებია ირანული თუ რუსული გაზის ფასზე. თუ ჩვენ შედარებით იაფ რუსულ-ირანულ კომერციულ გაზს შემოვიტანთ, აზერბაიჯანმა შესაძლოა, სოციალური გაზის ფასი გაზარდოს და სანაცვლოდ კომერციული გაზი გააიაფოს - კონკურენტულობის შესანარჩუნებლად.

„ამბობენ, თუ გაცვლა მოხდება, ფასი 220 დოლარი იქნება 1000 კუბმ-ზე. შეიძლება ვიკითხოთ - რად გვინდა ირანული 220-დოლარიანი გაზი, ვიყიდოთ იმავე ფასად "გაზპრომისგან”? მას საქართველოში შემოსვლის კომერციული ინტერესი არა აქვს. ჯერ ფეხს დადგამს და მერე პოლიტიკურ ინტერესებს ჩადებს. ანუ რეალურად საქართველოში შემოდის "გაზპრომი” - ირანული კომბინაციით ან პირდაპირ. ეს საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს როგორც უნებისყოფოს, რომელსაც არა აქვს პოლიტიკა, დაგეგმვის უნარი, აღიზიანებს სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთშიც და აზერბაიჯანშიც. არ მიმდინარეობს აზერბაიჯანთან მუშაობა და მზარდი გაზის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ეს ართულებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან იმ კუთხითაც, რომ ჩვენთან სოციალური გაზი იაფია - 140 დოლარი ღირს, თუმცა კომერციულ გაზს აზერბაიჯანისგან 280 დოლარად ვიღებთ. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ 280-დოლარიან "სოკარის” გაზს 220-დოლარიანი ირანული ან რუსული სჯობს. თუმცა "სოკარიც” იკითხავს, რაღატომ უნდა მიაწოდოს ჩვენს მოსახლეობას სოციალური გაზი 140 დოლარად. ეს სქემა თავის დროზე აზერბაიჯანს საქართველომ შესთავაზა - მოსახლეობისთვის გაზი იაფად მიეწოდებინა, ხოლო დანაკარგი კომერციულ სექტორში აენაზღაურებინა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.