გიორგი კვირიკაშვილი – შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ახალგაზრდები სასწაულებს აკეთებენ

არ შემიძლია არ გამოვხატო აღტაცება უკვე შექმნილი პროტოტიპებით, რომლებიც დღეს ვიხილე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველი ტექნოპარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მის ხელმძღვანელ ირაკლი ქაშიბაძეს პროექტის განხორციელებაში მაქსიმალური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს არის მართლაცდა რევოლუციური პროექტი. ეს არის 5-მილიონიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყო და დამთავრდა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ეს არის სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: კერძოდ, აკადემიას, ანუ სამეცნიერო მიმართულებას, ეკონომიკას, ანუ ქვეყნის სამეწარმეო წრეებსა და მთავრობას, ანუ შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის. ეს არის პირველი მოდელი საქართველოში, სადაც ამ ტიპის თანამშრომლობა ამ სამ მიმართულებას შორის შედგა. მე არ შემიძლია დავმალო ჩემი შთაბეჭდილება, როდესაც ვნახე, თუ რამხელა პოტენციალია ჩვენს ახალგაზრდებში ინოვაციური მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომ ეს სივრცე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მოხდება დაფუძნება და პირველი ეტაპის გავლა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცეში არიან წამყვანი კომპანიების წარმომადგენლობები, ასევე საქპატენტის წარმომადგენლობა, რაც საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანი გამოგონებები დასაწყისშივე დაპატენტდეს.

"ასევე ამ სივრცეში წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო წარმომადგენლობების მიერ დამზადებული აუცილებელი დანადგარები - მათი ნუსხა კიდევ უფრო გაფართოვდება, ისინი საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდა გამომგონებლებმა მოახდინონ საკუთარი გამოგონებების პროტოტიპიზაცია, ანუ საცდელი ეგზემპლარების ამ სივრცეში გამოშვება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სივრცე სამეცნიერო მიმართულებასთან თანამშრომლობის კუთხით და არ შემიძლია არ გამოვხტო აღტაცება უკვე შექმნილი იმ პროტოტიპებით, რომლებიც დღეს ვიხილე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობის მთავარი გზავნილები ქვეყანაში მეწარმეობისა და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებაა.

"სწორედ ასეთი სივრცეები და ტექნოპარკებია საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება თავიანთი იდეების რეალიზაციის. მე მინდა, რომ უახლოეს დღებშივე ამ სივრცეში გავმართო პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან", - აღნიშნა პრემიერმა.