"საქართველოს განვითარების ფონდი" ფინანსთა მინისტრის განცხადებას სიყალბედ აფასებს

"მორიგი სიყალბე" - ასე აფასებს ფინანსთა მინისტრის განცხადებას, საბიუჯეტო სახელფასო ხარჯების ეფექტურობასთან დაკავშირებით "საქართველოს განვითარების ფონდის" ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ყიფიანი. ყიფიანის შეფასებით - 2012 წლიდან 2015 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტში, შრომის ანაზღაურებები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს ზრდა განპირობებული არ ყოფილა საჯარო სექტორში წარმატებული საკადრო პოლიტიკის განხორციელებით.

"დღევანდელი ხელისუფლების მიერ 2013 წლიდან დღემდე დაახლოებით 6 %-ით გაიზარდა საკადრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და კიდე უფრო გართულებული ბიუროკრატია მივიღეთ. უწყებები ფუნქციურად კვეთენ ერთმანეთს Cross-checking-ის პრინციპიც არ არის დაცული", - აცხადებს ყიფიანი. მისი თქმით, სახელფასო ბიუჯეტის და დასაქმებულთა ერთდროულმა ზრდამ შედეგად საშუალოდ ხელფასების უმნიშვნელო მატება გამოიწვია.

"ნეპოტიზმით დასაქმებულების და არაპროფესიონალების გაშვება უნდა მოხდეს საჯარო სექტორიდან და გამოთავისუფლებული ფინანსებით მოხდეს საჯარო სექტორში მყოფი პროფესიონალების ხელფასების მატება და დამატებით ახალი პროფესიონალების მოზიდვა! საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი კონკურენტული უნდა იყოს კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების, რომ საჯარო სექტორმა შეძლოს ძლიერი კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. ეს მხოლოდ მიიღწევა საჯარო სექტორში მნიშვნელოვანი საკადრო რეფორმის განხორცილებით", - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

"საქართველოს განვითარების ფონდის" ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ბიუროკრატია უნდა გახდეს მოქნილი, ასევე უნდა მოხდეს მთელი რიგი უწყებების ფუნქციური ოპტიმიზაცია და შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები.