დიმიტრი ქუმსიშვილი - ვიმედოვნებთ, რომ მომავალში არაერთი იდეა დიდ ბიზნესებად ჩამოყალიბდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში ყველა საჭირო მომსახურება გაეწევა დაწყებით ბიზნესს, იმისათვის, რომ მათ განავითარონ თავიანთი იდეები. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ოქროყანაში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური პარკის გახსნის შემდეგ განუცხადა.

"დღეს ჩვენ გავხსენით პირველი ტექნოლოგიური პარკი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის თავიდან ბოლომდე დაკომპლექტებული საჭირო მოწყობილობა-დანადგარით, ასევე აქ გაეწევა ყველა საჭირო მომსახურება დაწყებით ბიზნესებს, იმისათვის, რომ მათ განავითარონ თავიანთი იდეები. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ეს მოწყობილობა-დანადგარი და ყველა საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც აქ არის, შესაძლებობას მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს, რომ თავიანთი იდეების ჰორიზონტი კიდევ უფრო გაზარდონ. როდესაც თქვენ გაქვთ წვდომა იმ უახლეს ტექნოლოგიებთან, უახლეს აპარატურასთან, რაც აქ არის თავმოყრილი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი იდეები გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ და შემდგომში პროტოტიპიდან გადახვიდეთ იმ სამრეწველო წარმოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ბიზნესის დაწყებისთვის, ასევე იმისთვის, რომ მცირე მეწარმეობა განვითარდეს. პოტენციალი, რომელიც დღეს ჩვენს ახალგაზრდებს გააჩნიათ, არის ძალიან დიდი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ სივრციდან წამოვა არაერთი დიდი იდეა, რომელიც არა მარტო მიკრო და მცირე მეწარმეობის სახით მოგვევლინება, არამედ დიდ ბიზნესებად ჩამოყალიბდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.