რუსულმა რუბლმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

რუსეთის ეროვნული ვალუტის ოფიციალურმა კურსმა დოლართან მიმართებაში 75,95 რუბლი შეადგინა.

ეს 1998 წლის დევალვაციის შემდეგ ისტორიული მინიმუმია. ევროს ოფიციალურმა კურსმა 82,8 რუბლი შეადგინა.

აზიური ბირჟების შემდეგ, დღეს დილით რუსული საფონდო ბირჟები დაეცა. დილის საათებში РТС-ს ინდექსი თითქმის 4%-ით, ММВБ-ს ინდექსი კი, 2,44 %-ით შემცირდა.

ექსპერტები რუსული ბირჟის დაცემას ნავთობის ფასების მკვეთრ შემცირებას უკავშირებენ.

ნავთობის მსოფლიო ფასის მკვეთრი დაცემა წლის დასაწყისში, ჩინურ ბაზრებზე შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე დაიწყო. დღეს შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი 5,33%-ით, შენჟენის საფონდო ბირჟის ინდექსი კი 6,6%-ით შემცირდა.

საფონდო ინდექსების ვარდნის გამო, გასულ კვირას ჩინეთის ხელისუფლებას ვაჭრობის შეჩერება ორჯერ მოუწია.

უარყოფითი ტენდენცია შეინიშნება ევროპულ ბირჟებზეც, რომელიც დღეს მკვეთრი დაცემით გაიხსნა.

ინდექსი FTSEurofirst 300, რომელიც ევროპული კომპანიების აქციების კოტირებას ასახავს, 0,1%-ით დაეცა, რაც სექტემბრის ბოლოდან ყველაზე დაბალი ნიშნულია. ბრიტანული ინდექსი FTSE 100 0,4%-ით, გერმანული DAX კი 0,3% შემცირდა.