ზუგდიდში მცხოვრები დევნილები სოციალური დახმარების აღდგენას და შეშას ითხოვენ

ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები მესამე დღეა აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვენ, რომელიც, მათივე განმარტებით, 60-მდე ოჯახს 7 იანვარს 3 თვით, გადამოწმების მიზნით შეუჩერეს. "სამი დღეა აქციას ვმართავთ. არავინ გვაქცევს ყურადღებას. შუქი ჩამიჭრეს. გასათბობად ტანსაცმელს ვწვავთ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დევნილებთან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე იმყოფებოდა, რომლის განმარტებითაც, ადგილობრივი მთავრობა დევნილებს შეშით მოამარაგებს. ასევე, მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობა ერთდეჯარად, 100 ლარიან დახმარებას გამოყოფს დევნილთა გარკვეულ კატეგორიაზე. აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ფორმით – შიმშილობით იმუქრებიან.