ახალი თაობის Mercedes-Benz E-Class-ის პრემიერა დეტროიტში

კომპანია Mercedes-Benz -მა დეტროიტის ავტოშოუზე, რომელიც დღეს გაიხსნა, ახალი E-Class წარმოადგინა.

ავტომობილს, რომელსაც კომპანიის სამოდელო გამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია როგორც გაყიდვების, ასევე შემოსავლების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი აკისრია - ღირსეული კონკურენცია გაუწიოს უშუალო მეტოქეებს - Audi A6-ს და BMW 5 Series-ს, რომლებთანაც გაყიდვების კუთხით ბოლო რამდენიმე წელია პოზიციებს თმობს.

ამისთვის სამქიმიანებმა ახალი „ე კლასი“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვეს. ავტომობილი გამოირჩევა ისეთი ფუნქციებით, რომლებიც საფლაგმანო S-class-საც კი არ გააჩნია. დასავლური მედიის ცნობით, ახალი თაობის E-Class პრაქტიკულად ნახევრად ავტონომიურია და ამ მხრივ „შტუტგარტელებმა“ დიდი ნაბიჯი გადაგეს წინ. გარდა ამისა, გამორჩეულია მისი აეროდინამიკურობის კოეფიციენტიც ამ კლასში, რომელიც 0,23-ს უდრის.

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, სიახლე წინა მოდელთან შედარებით, გაბარიტებში ოდნავ გაზრდილია, ხოლო გარეგნულად უფრო S class-ს ჰგავს, ვიდრე C class-ს. ავტომობილის გაყიდვები ევროპაში გაზაფხულზე დაიწყება, რის შემდეგაც მისი სხვადასხვა ვერსიები გამოვა მათ შორის უნივერსალი, კუპე და კაბრიოლეტი. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 40 ათასი ევროდან დაიწყება.

კოკა კვირკველია