აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი - "გაზპრომი" 10-დან 5%-მდე შეამცირებს გადასახადს, რომელსაც საქართველოს სომხეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის უხდის

"გაზპრომი" 10-დან 5%-მდე შეამცირებს გადასახადს, რომელსაც საქართველოს სომხეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის უხდის. ამის შესახებ აზერბაიჯანელი პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი მუბარიზ აჰმედოღლუ აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში აცხადებს. პოლიტოლოგის თქმით, რუსეთს ტარიფის შემცირება ყოველთვის უნდოდა, თუმცა აქამდე ამას ვერ ახერხებდა.

"ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მითმა "აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობის შესახებ" ამ საკითხში ცვლილებები განაპირობა და "გაზპრომმა" ეს საკუთარ ინტერესებში გამოიყენა. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, როდის და რა პირობებით დასრულდება გაზის დამოუკიდებლობის თამაშები. ეს თამაშები დასრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი, სომხეთში გაზის ტრანზისითვის საფასურს 10%-დან 5%-მდე შეამცირებს", - აცხადებს პოლიტოლოგი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, "გაზპრომის" ერთ-ერთ აქციონერია, ამიტომ სურს, ტრანზიტის საკითხი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს.

"კახი კალაძეს "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ივანიშვილმა შთააგონა", -აცხადებს პოლიტოლოგი. აჰმედოღლუს ინფორმაციით, ირანის გაზის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის, NIGEC-ის გენერალური დირექტორის, ალირეზა კამელის ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ირანულ და ქართულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია. პოლიტოლოგის შეფასებით, არ არსებობს მილსადენი, რომლის საშუალებითაც სომხეთიდან საქართველოში ირანული გაზის მიწოდება გახდება შესაძლებელი.

"საქართველო-სომხეთს შორის არის მხოლოდ ერთი გაზსადენი, რომლის გავლითაც ხდება გაზის ტრანსპორტირება საქართველოდან სომხეთში. იმისთვის, რომ ამ გაზსადენით დაიწყოს გაზის ტრანსპორტირება სომხეთიდან საქართველოში, საჭიროა დრო და ფინანსები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკური შეთანხმება გახდება გაზსადენის რევერსულ რეჟიმზე გადაყვანის საკითხზე", - აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი და დასძენს, რომ კალაძეს თავისი განცხადებებით "აზერბაიჯანის დასჯა უნდოდა".