"საქართველოს განვითარების ფონდი" საქართველოში ტექნოპარკის გახსნას ეხმიანება

"საქართველოს განვითარების ფონდი" საქართველოში ტექნოპარკის გახსნას ეხმიანება. ფონდის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი ტატო ჭულუხაძე აცხადებს, რომ ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან ტექნოპარკის მუშაობას. მისივე თქმით, ტექნოპარკის სრულყოფილად მუშაობისთვის აუცილებელია გამართული მენეჯმენტის სისტემა, სწორად შერჩეული კადრები, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკას წაადგება.

ჭულუხაძე შენიშვნებსაც მიუთითებს და ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა ტექნოპარკი განთავსებულიყო რუსთავში და იმედს გამოთქვამს, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება.

"საქართველოს განვითარების ფონდი მიესალმება საქართველოში ტექნოპარკის გახსნას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. თუმცა, ტექნოპარკის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სრულყოფილი სამოქმედო გეგმის საზოგადოებისთვის და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის გაცნობა, რათა ჩვენ ვიხილოთ ის კონკრეტული შედეგი, რაც ტექნოპარკს შეუძლია შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში. დღეს წამოდგენილი გეგმა კი არ არის სრულყოფილი. აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ისეთი ფაქტორები, რაც უზრუნველყოფს მენეჯმენტის გამართული სისტემის, მძლავრი მეცნიერულ-ტექნიკური ბაზის არსებობას და ასევე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს, ფინანსური რესურსების არსებობას", - აცხადებს ჭულუხაძე.

მისივე თქმით, დამატებით ასევე საჭიროა ევროპული მაგალითების გათვალისწინებით, ტექნოპარკში დაარსებული კომპანიებისთვის სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების დაწესება, რაც წაახალისებს არამარტო ადგილობრივ ბაზარზე პოტენციურ "სტარტ აპ" კომპანიებს, არამედ შესაძლებლობას აძლევს მას, გახდეს რეგიონალური ჰაბი.

"სასურველი იქნებოდა, ამჟამინდელი ტექნოპარკის ადგილმდებარეობა შერჩეული ყოფილიყო ურბანული განვითარების ჭრილში და იგი განთავსებულიყო მაგალითად რუსთავში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ახალგაზრდობის პროცესში ჩართულობას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ასევე აუცილებელია მოხდეს არა მხოლოდ "ბიზნეს ინკუბატორების", არამედ ტექნოპარკების დუბლირება დიდ ქალაქებში, როგორებიც არის ქუთაისი, ბათუმი, თელავი, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ახალგაზრდობას განვითარებაში. იმედი გვაქვს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეძლებს ტექნოპარკის სრული დატვირთვით ამუშავებას, ახალგაზრდებისთვის სათანადო პირობების შექმნას, რომ მათ შექმნან ახალი პროდუქტი და ტექნოპარკი არ დააწვეს საქართველოს ბიუჯეტს დამატებით ტვირთად. "საქართველოს განვითარების ფონდი" ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება ტექნოპარკის მუშაობას", - აცხადებს "საქართველოს განვითარების ფონდი" ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი ტატო ჭულუხაძე.