ჰოლანდიელების უმრავლესობა წინააღმდეგია ნიდერლანდებმა უკრაინა-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს

გამოკითხული ჰოლანდიელების უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ ნიდერლანდებმა უკრაინა-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს.

როგორც გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება, გამოკითხულთა 50%-ზე მეტი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე 6 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმზე რატიფიცირების წინააღმდეგ აპირებს მისცეს ხმა.

შესაბამისი გამოკითხვა ნიდერლანდების სახელმწიფო ტელევიზიამ ჩაატარა. რესპოდენტების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ რეფერენდუმში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

როგორც "დოიჩე ველე" აღნიშნავს, იმისთვის რომ ხელისუფლებამ შედეგები გაითვალისწინოს, რეფერენდუმზე ამომრჩევლის სულ მცირე 30% უნდა გამოცხადდეს.

ნიდერლანდებში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მთავრობა რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებს, თუმცა ვალდებული არ არის, მოქალაქეების სურვილი შეასრულოს.

რეფერენდუმი მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი ჩატარების ინიციატივით ვებ-ვერდ GeenStijl-მა 450 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა უკვე განაცხადა, რომ რეფერენდუმის უარყოფით შედეგებს შესაძლოა, კრიზისი მოჰყვეს, რომელიც ყველაზე დიდ სარგებელს რუსეთს მოუტანს.