გიორგი მარგველაშვილი - ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით კარი ღია გვაქვს, თუმცა რამდენად შემოვა ხელისუფლება, მისი გადასაწყვეტია

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით კარი ღია გვაქვს, თუმცა ამ ღია კარში რამდენად აქტიურად შემოვა ხელისუფლება, მისი გადასაწყვეტია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გურჯაანის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

"როგორც ახლა შეირჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი, ეს უკვე ის სტანდარტია, რომელიც მე და ჩემმა კოლეგებმა დავნერგეთ. ეს არის ღია, გახსნილი დისკუსია და დიალოგი, ამ დარგის ექსპერტებთან სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურებზე. ეს უკვე არაერთხელ მომხდარა სხვადასხვა კანდიდატურასთან მიმართებაში. მათ შორის, ეს კარი ყოველთვის ღია იყო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, ასევე პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც არიან საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მე გაგახსენებთ, რომ ასეთივე ძალიან აქტიური დისკუსიები გვქონდა ჩვენ, როცა ვირჩევდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. მაშინაც ძალიან ღია იყო ეს დისკუსია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. კითხვაზე, როგორი იქნება ხელისუფლების როლი ამ პროცესში, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ "ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია".

"ღია კარში რამდენად აქტიურად შემოვა ხელისუფლება, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ვაცხადებთ ღია კონკურსს, ვამბობთ - ყველა, ვისაც პოზიცია გაქვთ, მობრძანდით. ეს ასე იყო ბანკის საბჭოს წევრობის წინა კანდიდატთან მიმართებაშიც. ეს არის ღია კარი და ღია კარში ვინ და რამდენად აქტიურად შემობრძანდება, მათი გადასაწყვეტია", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.