აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 20 იანვრამდე იგეგმება შესაძლო ეკონომიკური ზომების შემუშავება. კერძოდ, აფხაზეთის ე.წ მთავრობა გეგმავს - თურქეთიდან განსაზღვრული საქონლის იმპორტი აკრძალოს, კონტროლი დააწესოს თურქულ ორგანიზაციებზე და აკრძალოს მათი მოქმედება. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას 2014 წელს რუსეთთან გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება" ითვალისწინებს.

რუსეთმა ანკარას სანქციები 2015 წლის ნოემბერში დაუწესა მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. რუსეთის სანქციები თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას და თურქეთში რუსული ტუროპერატორების მუშაობის შეჩერებას ითვალისწინებს.