ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით ზაჰირ ჰუსეინოვი და მალხაზ მახარაძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით ზაჰირ ჰუსეინოვი და მალხაზ მახარაძე საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით დღეს ორ პირს გამოკითხავს.

კერძოდ, საგამოძიებო უწყებაში დაბარებულები არიან ზაჰირ ჰუსეინოვი და მალხაზ მახარაძე, რომლებმაც თბილისში მცხოვრები აბაშიძეების ოჯახის ინფორმაციით, ვან დეიკის ნახატი მათგან შეიძინეს.

ჰუსეინოვს უწყებაში 11:00 საათზე დაკითხავენ, ხოლო მახარაძეს - 14:00 საათზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მათი საგამოძიებო უწყებაში დაბარება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში ხდება.

მათივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, საგამოძიებო სამსახური გამოძიებას დაიწყებს.

უწყებში უკვე დაიკითხა ეკა აბაშიძე, რომლის თქმითაც, 10 წლის წინ ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევარი, რომელიც ახლახან თურქეთში აღმოაჩინეს, მისი ოჯახის საკუთრება იყო.

აბაშიძის მტკიცებით, ზაჰირ ჰუსეინოვმა და მალხაზ მახარაძემ ნახატი მისგან 37 ათას დოლარად შეიძინეს, თუმცა მხოლოდ 7 ათასი გადაუხადეს.

მისივე განცხადებით, თურქეთში კონტრაბანდული გზით შეტანილი ნახატი, რისთვისაც 2 პირი დააკავეს, სწორედ მისი საკუთრებაა.