ინფორმაცია ფული ღირს

ხუთი წლის წინ ცნობილმა მედიამაგნატმა, რუპერტ მერდოკმა განაცხადა, რომ მის ჰოლდინგში შემავალ ყველა ონლაინ-გამოცემას ექნებოდა „ფეივოლი“, ვინაიდან ინფორმაცია აღარ უნდა იყოს უფასო. რას გულისხმობს „ ფეივოლი“ და როგორი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში?

თუ მომხმარებელს სურს, მიიღოს ხარისხიანი ინფორმაცია, მაშინ ამისთვის ფული უნდა გადაიხადოს. ამ პრინციპით დღეს მსოფლიოში უკვე არაერთი მსხვილი გამოცემა მუშაობს. თითქმის ყველა სოლიდურ გამოცემას ჰყავს ხელმომწერები, რომლებიც მზად არიან ხარისხიან მასალაზე წვდომის მოპოვების სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადონ. ე.წ „ფეივოლების“ დაწესება ერთგვარად გამოცემის იმიჯზეც მიუთითებს.

„დასავლეთის ქვეყნებში უფრო მეტად არის განვითარებული კითხვის და გაზეთების გამოწერის კულტურა, შესაბამისად, „ფეივოლის” სისტემაც წარმატებულია. მართალია დღეს ინტერნეტში თითქმის ყველაფრის მოძიებაა შესაძლებელი, მაგრამ ინფორმაციის ამგვარი მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა მის სანდოობას არ ნიშნავს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მკითხველი იმ წყაროს ენდობოდეს, რომელიც აქვეყნებს ამა თუ იმ ინფორმაციას“, - განმარტავს კომუნიკაციების მენეჯერი, ანი სიდამონიძე.

ერთ-ერთი პირველი სოლიდური გამოცემა, რომელმაც „ფეივოლი“ გამოიყენა, 1997 წელს The Wall Street Journal-ი იყო. შიშობდნენ, რომ გამოცემა ამ გადაწყვეტილებით მკითხველებს დაკარგავდა, თუმცა, მან წლის განმავლობაში 200 000-ზე მეტი ხელმომწერი დააგროვა. დღეს კი ამ გამოცემას, ისევე როგორც New York Times -ს დაახლოებით მილიონი ონლაინ-ხელმომწერი ჰყავს.

დღესდღეობით მსოფლიოში „ფეივოლების“ გამოყენების სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს. ზოგი გამოცემა მკითხველს გარკვეულ მასალაზე უფასოდ წვდომის შესაძლებლობას აძლევს, ზოგ ონლაინ-გამოცემას კი არახელმომწერებისთვის ყველა მასალა დაბლოკილი აქვს.

„ფეივოლების“ პრაქტიკა განსაკუთრებით პოპულარულია ბოლო 5-10 წელია. ზოგიერთი გამოცემა ფინანსური პრობლემების გამო გახდა იძულებული სტატიების ნაწილი ფასიანი გაეხადა. მაგალითად, გერმანულმა გავლენიანმა ყოველკვირეულმა გამოცემა Der Spiegel-მა ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით, თანამშრომელთა 20 პროცენტი გაუშვა და სტატიების ნაწილი ფასიანი გახადა. როგორც გამოცემის აღმასრულებელმა რედაქტორმა აღნიშნა, „ხარისხიანი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ კარგად დაწერილ და გამოკვლეულ მასალას ფასი დაედოს“.

„ტრადიციული მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ონლაინ საინფორმაციო პორტალების მხოლოდ სარეკლამო ბიუჯეტით არსებობა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. “ფეივოლის” სისტემა კი ფინანსური დამოუკიდებლობის და მდგრადობის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელსაც ძალიან ბევრი დასავლური გამოცემა წარმატებულად იყენებს. თუმცა, მეორე მხრივ, ამ სისტემის წარმატება მომხმარებელზეა დამოკიდებული”, - მიიჩნევს ანი სიდამონიძე.

მარკეტოლოგების მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ „ფეივოლი“ გამოცემისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი საშუალებაა, იგი ასევე გამოცემის ხელმძღვანელობას ერთგული მკითხველის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

საერთაშორისო მედია ასოციაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით გამოცემების 73 პროცენტი იყენებს „ფეივოლს“, რაც News & Technologymagazine-ის მონაცემებით, დაახლოებით 450 ქვეყნის 1 300-ზე მეტ გამოცემას მოიცავს.

თამთა ჯიჯავაძე