სამსუნგის ოთახი ტექნოლოგიურ პარკში

დღეს ტექნოლოგიურ პარკში კომპანია სამსუნგის ოთახი მოეწყო.

ტექნოლოგიური პარკი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ტექნოლოგიური პარკის კონცეფცია პრეზენტაციის სახით გააცნო.

სამსუნგი მხარს უჭერს ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტს და მოხარულია, რომ წვლილს შეიტანს საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში, რომელსაც ტექნო პარკი შეუწყობს ხელს.

სამსუნგის ოთახში შესაძლებელი იქნება კომპანიის უახლესი მოდელების გაცნობა, ისეთის, როგორებიც არის Galaxy S6 Edge+, Galaxy A7 2016, Gear S2 და Gear VR. ეს კი დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი კრეატიული იდეების უფრო მეტად განვითარებას, გაცვლას და შემდგომ მათ კომერციალიზაციას მსოფლიო მასშტაბით.

სამსუნგი უმსხვილესი სამხრეთ კორეული ბიზნეს კონგლომერატია. იგი მოიცავს მრავალ შვილობილ კომპანიას, რომელთა უმრავლესობა ერთიანდება სამსუნგის ბრენდში. მისი წარმატებული ისტორია 1938 წლიდან იწყება, ხოლო 1969 წლიდან კომპანიისთვის ახალ ერას ეყრება საფუძველი, როდესაც ყალიბდება ახალი მიმართულება Samsung Electronics. დღესდღეობით სამსუნგი წარმოადგენს ლიდერს ციფრული ტექნოლოგიების ბაზარზე.