კახა კალაძე ექსპერტებთან შეხვედრას მართავს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს გაზმომარაგებისა და "გაზპრომთან" მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრას მართავს.

შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარეობს და მას მინისტრთან ერთად მისი მოადგილეები და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, დავით თვალაბეიშვილი ესწრება.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა "საქართველოს განვითარების ფონდის" საგარეო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი რუხაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის კარგი ინიციატივა და შეხვედრა აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგან საზოგადოებას აქვს ძალიან სერიოზული კითხვები ამ პროცესის მიმართ.

"ყველამ ვიცით, რომ "გაზპრომი" "მაკდონალდსი" არ არის და ეს არის კრემლის პოლიტიკური იარაღი. ბუნებრივია, "საქართველოს განვითარების ფონდს" ექნება კითხვები, თუ რამდენად ჯდება ეს პროცესი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესების მხრივ და ეკონომიკურად რამდენად მომგებიანი იქნება ეს პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მისივე თქმით, "საქართველოს განვითარების ფონდი" შეეცდება, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს, გამოითხოვოს ინფორმაცია და საზოგადოებას წარუდგინოს არაპოლიტიკურად ანგაჟირებული ხედვა, თუ მართლა საითკენ მიდის პროცესი.

შეხვედრის დაწყებამდე, კომენტარი გააკეთა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კითხვები შეეხება იმას, თუ რას მოუტანს არა მარტო "გაზპრომთან", არამედ ირანთან ურთიერთობა საქართველოს, რამდენად იქნება შენარჩუნებული აზერბაიჯანთან ურთიერთობა, მართლა აწარმოებს თუ არა "გაზპრომი" მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან.

რაც შეეხება ირანული გაზის იმპორტს საქართველოში, მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ თუ სომხეთიდან მოხდება საქართველოსთვის ირანული გაზის მიწოდება, ეს არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, ამიტომ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის არარეალური პროექტი.

"მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვხვდები, რომ სომხეთიდან ირანული გაზის საქართველოსთვის მიწოდება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამდენად, ვთვლი, რომ ეს ამ ეტაპზე არარეალური პროექტია. მე მგონია, რომ ეს გარკვეულწილად პოლიტიკური ფარია. თუ იქნება აზერბაიჯანიდან ირანული გაზი მოწოდებული, მაშინ გასაგები იქნება, რომ ეს იქნება დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისთვის ერთგვარი ხარკი, რთული საკითხია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კახა კალაძესთან შეხვედრას ოცამდე ექსპერტი ესწრება. მას ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - გია ვოლსკი, თამაზ მეჭიაური, ნოდარ ებანოიძე და ზურაბ ტყემალაძე შეუერთდნენ.