გიორგი რუხაძე - "გაზპრომი" "მაკდონალდსი" არ არის, ის კრემლის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს

გიორგი რუხაძე - "გაზპრომი" "მაკდონალდსი" არ არის, ის კრემლის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს.  ყველამ ვიცით, რომ "გაზპრომი" "მაკდონალდსი" არ არის და ის კრემლის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს , - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი რუხაძემ ჟურნალისტებს კახა კალაძისა და ექსპერტების სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

რუხაძის თქმით, "გაზპრომთან" მოლაპარაკების საკითხებზე მსგავსი შეხვედრის გამართვა კარგი ინიციატივაა და აქამდეც უნდა განხორციელებულიყო, რადგან საზოგადოებას ამ პროცესის მიმართ ძალიან სერიოზული კითხვები აქვს.

"ყველამ ვიცით, რომ "გაზპრომი" "მაკდონალდსი" არ არის და ეს არის კრემლის პოლიტიკური იარაღი. ბუნებრივია, "საქართველოს განვითარების ფონდს" ექნება კითხვები, თუ რამდენად ჯდება ეს პროცესი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესების მხრივ და ეკონომიკურად რამდენად მომგებიანი იქნება ეს პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მისივე თქმით, "საქართველოს განვითარების ფონდი" შეეცდება, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს, გამოითხოვოს ინფორმაცია და საზოგადოებას წარუდგინოს არაპოლიტიკურად ანგაჟირებული ხედვა, თუ მართლა საითკენ მიდის პროცესი.

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს გაზმომარაგებისა და "გაზპრომთან" მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრას მართავს. შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარეობს და მას მინისტრთან ერთად მისი მოადგილეები და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, დავით თვალაბეიშვილი ესწრება.