"ქართული წინდა" მეზობელ ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს

"ქართული წინდა" თბილისის დიდ სავაჭრო ცენტრებსა და სააფთიაქო ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საწარმოს გაყიდვების მენეჯერმა მარიამ გაგიევმა განუხადა, "ქართული წინდის" პროდუქცია ასევე იყიდება ბათუმში, ქუთაისში, მარნეულში, რუსთავში, გუდაურსა და ხაშურში.

"ექსპორტი კომპანიის უახლოეს გეგმებში შედის და ახლო მომავალში "ქართული წინდა" მეზობელ ქვეყნებთანაც ითანამშრომლებს", - გვითხრა მარიამ გაგიევმა.

"ქართული წინდა" ამ ეტაპზე ძირითადად აწარმოებს ბავშვის, ქალისა და მამაკაცის წინდებს, თუმცა ასევე გვაქვს ნატურალური ბამბის კოლგოტები და რეიტუზები.

გაყიდვების მენეჯერის თქმით, ბოლო დროს მათი პროდუქციის რეალიზაცია საგრძნობლად გაიზარდა, რაც მომხმარებლის მხრიდან "ქართულ წინდაზე" მოთხოვნას უკავშირდება.

შპს ,,ქართული წინდა" 4 წელია, რაც ბაზარზეა. საწარმოში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული. საწარმოში 200 000 დოლარიანი ინვესტიცია საწარმოს მეპატრონის ზაზა ჯანეზაშვილის მიერ განხორციელდა.

ქრისტინე გამთენაძე