"ნაციონალური მოძრაობა" – ლარი ეცემა, ხალხი ღარიბდება, მთავრობა არაფერს აკეთებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას მოუწოდებს, ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიაში მიიჩნევენ, რომ ლარის კურსის მეტი ვარდნა გაგრძელდება, რადგან ეროვნული ბანკის რეზერვები დევალვაციას ვერ შეაჩერებს.

როგორც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ლარის კურსი ეცემა, ქვეყანა ღარიბდება და მასთან ერთად საქართველოს მოსახლეობა, შემცირებული ექსპორტისა და ინვესტიციების პირობებში კი, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რათა ოდნავ მაინც შეამსუბუქოს მდგომარეობა.

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული, ეროვნულ ბანკს არ მისცემია შესაძლებლობა რეზერვი შეევსო, პირიქით, ის ამ პერიოდში 367 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, სასწრაფოდ შეიმუშაოს ანტიკრიზისული გეგმა, ჩვენ ვთავაზობთ ამ გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის რეზერვის იმედად ლარის კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოხდება", - განაცხადა მელიქიშვილმა.