თამაზ მეჭიაური - "გაზპრომთან" მოლაპარაკებები არსებული ხელშეკრულების ტექნიკურ განახლებაზე მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, "გაზპრომთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა ახალი ხელშეკრულების დადებაზე, არამედ არსებული ხელშეკრულების ტექნიკურ განახლებაზე. როგორც მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რუსეთის შემოთავაზებაა, რომ მომავალში საქართველომ წილი მიიღოს არა "ნატური გაზის" მეშვეობით, არამედ თანხის გადახდით.

"რამდენადაც ვიცი, რუსეთმა გამოთქვა სურვილი, რომ ანგარიშსწორება მოხდეს არა ნატურით, არამედ საბანკო ოპერაციებით ანუ მომავალში თანხის გადახდით და ამის თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის მუშა პროცესი. ხდება არსებული ხელშეკრულების ტექნიკური განახლება და არა ახალი ხელშეკრულების დადება", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, გაზპრომის თემა არის კიდევ ერთი საბაბი ხმაურისთვის.

"გაზპრომთან ხელშეკრულება დადებულია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს. განახლება უამრავჯერ მოხდა, თუ არ ვცდები 20-ჯერ. წელიწადში მინიმუმ ერთხელ ხდებოდა მისი განახლება. ხელშეკრულების მიზანი იყო ერთი, რომ რუსეთი აწვდიდა გაზს სომხეთს, საიდანაც საქართველოს ჰქონდა თავისი წილი, რისი მეშვეობითაც იღებდა ნატურ გაზს. განახლება ხდებოდა იმის გამო, რომ მიწოდება ხან მეტი, ხან ნაკლები იყო, ასევე ხან ფასი იზრდებოდა და ა.შ. თავად სააკაშვილიც არ მალავდა, რომ მართავდა მოლაპარაკებებს გაზსადენის მიყიდვაზეც. დღეს ის ხალხი, ვინც დებდა ხელშეკრულებებს, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებდა გასხვისებაზე, გამოდის და ამბობს, კალაძე მოლაპარაკებებს აწარმოებსო. კალაძე ენერგეტიკის მინისტრია და მაგიტომ მუშაობს ამ საკითხებზე", - აღნიშნა მეჭიაურმა.