ანდრია გვიდიანი - საქართველოს "გაზპრომთან" ურთიერთობაში, რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბოლო დროს "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს და ამ თემის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

როგორც "აფბაში" აცხადებენ, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და "გაზპრომის" ხელმძღვანელობის შეხვედრების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციების შთაბეჭდილებას ტოვებს.

"ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარი აუცილებლად საჭიროებს დივერსიფიკაციას. საქართველოში, ბუნებრივი აირის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, აუცილებელია ისეთი მომწოდებლების გამოჩენა, რომელიც შეძლებს გაზრდილი მოხმარების დაბალანსებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა ასეთი ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, სწორედ ამიტომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ თემის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ნამდვილად ტოვებს პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობის შთაბეჭდილებას. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას მოუწევს "გაზპრომთან" ტექნიკური ხასიათის შეხვედრების ორგანიზება გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთიდან სომხეთში მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, სწორედ ამიტომ ასეთი სახის შეხვედრები არის რუტინული პროცესი, რომელიც მუდმივად იქნება", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

გვიდიანის აზრით, ნებისმიერ ახალ მოთამაშესთან მოლაპარაკებები, რომელიც პოტენციურად ენერგეტიკული ბაზრის გაუმჯობესებას და კონკურენტული გარემოს შექმნას ემსახურება, ბუნებრივი პროცესია და ამ მოლაპარაკებების უზრუნველყოფა ენერგეტიკის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა.

"ენერგოსექტორში ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომლის უზრუნველყოფაც ენერგეტიკის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა. სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია გახლავთ ის, რომ ნებისმიერ მხარესთან აწარმოოს მოლაპარაკებები (როგორც "გაზპრომთან", ისე ირანულ მხარესთან და ა.შ.), რომლის მიზანიც დარგის განვითარება იქნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკების დაწყების კრიტიკა და პანიკური ფონის შექმნა გამართლებული არ არის და ეს "ღია კარის მტვრევას" ემსგავსება. კრიტიკის გააქტიურება მიზანშეწონილი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან იაფი გაზით, პოლიტიკური დივიდენდების მიღების საფრთხე გაჩნდება", - განაცხადა გვიდიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებების გამო საქართველოს რაიმე პოლიტიკურ დათმობებზე წასვლა არ მოუწევს გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანის სახით საიმედო პარტნიორი არსებობს.

"რაც შეეხება ამ თემის პოლიტიკურ მხარეს, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს "გაზპრომთან" ურთიერთობაში, რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს, გამომდინარე იქიდან, რომ საბედნიეროდ, გვყავს ძალიან საიმედო პარტნიორი აზერბაიჯანის სახით, რომელიც ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფს საქართველოს გაზმომარაგებას. აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ის პანიკა, რაც "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკავშირდება, გადაჭარბებულია, გამომდინარე იქიდან, რომ თუ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ენერგოსექტორში პრობლემების შექმნის თაობაზე, ეს მიზანი ძალიან მარტივად განხორციელდება "გაზპრომის" გარეშეც. როგორც ვიცით, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით, გარკვეულწილად, რუსეთზეა დამოკიდებული და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით საქართველო საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დადგება", - განაცხადა გვიდიანმა.