დავით ხუციშვილი შს სამინისტროდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გადადის

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ხუციშვილი მუშაობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ხუციშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. დავით ხუციშვილს 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, დავით ხუციშვილს მიღებული აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება.

"მას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით. მოგვიანებით, დავით ხუციშვილმა ESM-თბილისში ბიზნესის ადმინისტრირების კურსი დაასრულა. 1996 – 2012 წლებში დავით ხუციშვილს წამყვანი ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კერძო კომპანიებში, მათ შორის, საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებში", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.