სახელმწიფო სერვისების მიღება 1000-ზე მეტ სოფელშია შესაძლებელი

სახელმწიფო სერვისების მიღება ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 000-ზე მეტ სოფელში გახდა ხელმისაწვდომი. "ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 71 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობს, სადაც სოფლის მოსახლეობას 200-ზე მეტი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისის მიღება, სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია.

აღნიშნული პროექტის შესახებ დუშეთში გამართულ პრეზენტაციაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა და "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა ისაუბრეს.

"ლიბერთი ექსპრესის" მანქანების საშუალებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ოპერატორები მომსახურებას უწევენ ისეთ სოფლებს, სადაც არ არის იუსტიციის სახლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას სახელმწიფო სერვისების მისაღებად აღარ მოუწევს შორი მანძილის გავლა და ყველა მომსახურებას ადგილზე მიიღებს.

ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს "მექანიზატორის" მომსახურებით. ასევე, შესაძლებელია "ლიბერთი ბანკის" სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა.

"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, "ლიბერთი ბანკთან" თანამშრომლობით, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პროექტი 2015 წლის ივლისში წარმატებით დანერგა შიდა ქართლში. მოხარული ვართ, რომ პროექტმა მასშტაბური სახე მოკლე ვადაში მიიღო და ამჟამად სახელმწიფო სერვისები უკვე 1,000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობისთვის გახდა ხელმისაწვდომი", - განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა.

"ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა აღნიშნა, რომ ბანკი "ლიბერთი ექსპრესის" არხით 1000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას 100-მდე მობილური ფილიალით 2010 წლიდან ემსახურება.

"მოხარული ვართ, რომ 2015 წლის ივლისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელს ამ ალტერნატიული არხის გამოყენებით საბანკო მომსახურების გარდა, ასევე შეუძლია სახელმწიფო სერვისების მიღება, როგორიცაა პირადობის მოწმობის, პასპორტის და საჯარო რეესტრის ამონაწერის აღება", - განაცხადა ალექსი ხოროშვილმა.