2015 წელს აჭარაში ტურისტების 2,78 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა

აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, აჭარის მასშტაბით რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 2015 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების 2,78 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა , რაც წლის განმავლობაში რეგიონში შემოსულ 443 667 ტურისტს გულისხმობს.

აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ შორის, აჭარაში 265 492 უცხოელი ტურისტი და 178 175 შიდა ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით უცხოელი ტურისტების 1.7%-იან და შიდა ტურისტების 4.4%-იან ზრდას გულისხმობს.

ქვეყნების მიხედვით აჭარაში გამოკვეთილია ის ქვეყნებიც, საიდანაც რეგიონს 2015 წელს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა. პირველი ხუთეული წლის განმავლობაში უცვლელი იყო და ის ასე გამოიყურება: თურქეთი +1,2 (78 633), აზერბაიჯანი +0,2 (47 821) , რუსეთი +1,6 (31 827) , უკრაინა +1,5 (24 587) და სომხეთი +0,7 (21 193).

საზღვრის მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.

2015 წელს, ბათუმის აეროპორტში 2014 წელთან შედარებით ტურისტების 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა (77 447 უცხოელი ვიზიტორი). აეროპორტში შემოსულ ვიზიტორთა მიხედვით, შესაძლებელია ქვეყნების პირველი ექვსეულის გამოყოფა: უკრაინა - 18 830, რუსეთი - 16 076, თურქეთი - 10 244, ისრაელი - 9 888, ბელორუსი - 6 776 და პოლონეთი - 5 428.

"თუკი გავითვალისწინებთ, ჩვენი სამიზნე ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობას, ვფიქრობ არსებული სტატისტიკური მონაცემები სავსებით ნორმალურია. ჩვენი სტატისტიკა რეგისტრირებული განთავსების ობიექტებისა და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა. მიმდინარე წელს დავიწყებთ კვლევის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას დეპარტამენტში, რომელიც რეგისტრირებულ (სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები) და არარეგისტრირებულ (კერძოდ განთავსების ობიექტების) სექტორში ახალი მეთოდოლოგიით სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შემდგომ ანალიზს ითვალისწინებს. ჩვენ ასევე ვაპირებთ ტურისტული ბაზრის კვლევას, რომელიც შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და უცხოელ ვიზიტორთა კვლევებს მოიცავს," - განაცხადა აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე