რას უნდა ველოდოთ ნავთობის ბაზრისგან 2016 წელს?

მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული ნავთობზე ფასი თითქმის 20%-მდე შემცირდა.

ანალიტიკოსები "შავი ოქროს" ფასებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარაუდებს გამოთქვამენ.

Bank of America Merrill Lynch-მა გუშინ წინა წლის პროგნოზი ფასებთან დაკავშირებით გააურესა და  2016 წელს ბრენტის მარკის ნავთობის ფასი მოსალოდნელი 50-ის ნაცვლად, 46 აშშ დოლარის ნიშნულამდე, WTI მარკის ნავთობი კი - მოსალოდნელი 48-ის ნაცვლად 45 აშშ დოლარის მაჩვენებელზე გაჩერება ივარაუდა.

Morgan Stanley-ის ექეპერტები მიიჩნევენ, რომ ამერიკული დოლარის კურსის განმტკიცებამ შესაძლოა, ბრენტის კოტირების ვარდნა ერთი ბარელი ნავთობისთვის 20 აშშ დოლარამდე გამოიწვიოს. მათი შეფასებით, ამერიკული ეროვნული ვალუტის გაძვირება 5 %-ით იწვევს ნავთობის ღირებულების დაცემას 10-25 %-ით.

ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის კიდევ ერთი ფაქტორი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გადაჭარბებული მიწოდებაა.

ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Charles Stanley-ის წამყვანი ეკონომისტი ჯერემი ბათსტოუნ-კარი აცხადებს, რომ ნავთობის ფასის შემდგომმა შემცირებამ შესაძლოა, ნავთობმომპოვებელ კომპანიებს დიდი ზარალი მოუტანოს. დარგში მომუშავე კომპანიებს ხარჯების შემცირება მოუწევთ, დამატებითი ინვესტიციების ჩადებაზე კი უარს იტყვიან.

ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემას ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც უკავშირებენ. საუდის არაბეთმა, ნავთობის მსოფლიო ფასების შენარჩუნების მიზნით, შავი ოქროს მოპოვების მოცულობის შემცირებაზე უარი თქვა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერ-რიადის ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება ირანის ფაქტორს, რომელსაც დასავლეთმა სანქციები მოუხსნა. 4 წლის წინ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო, ირანმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ექსპორტირების შესაძლელობა დაკარგა, ნიშა კი საუდის არაბეთმა დაიკავა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებული ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება მანამ, სანამ არ შემცირდება ნავთობის მოპოვების მოცულობა. ამაზე კი ოპეკ-ის ქვეყნებმა შესაძლოა, ივლისში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრონ. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოპეკ-ი მარტში საგანგებო სამიტის გამართვას არ გამორიცხავს.

თუმცა, არსებობს პოზიციური პროგნოზებიც. მაგალითად, საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში განაცხადეს, რომ ნავთობის ფასის ზრდა 2016 წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში დაიწყება.